ბიზნესმენების ნაწილი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს: "სარესტორნე ბიზნესის თითქმის 60% აღარ არსებობს"
22/04/2021 09:05:49 საზოგადოება
15-მდე ბიზნეს–ასოციაციის წარმომადგენელი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს.
ბიზნესმენების თქმით, ისინი ხელისუფლებას სამოქმედო გეგმას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლაზე იმუშავებს.
"ობიექტებთან ერთად, დაახლოებით 200 000-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური. თუ ვისაუბრებთ სარესტორნე ბიზნესზე დაახლოებით ობიექტების 60% აღარ არსებობს. ეს არის ეკონომიკაში დაკარგული თანხა", - აცხადებს "რესტორატორთა ასოციაციის" პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე.
ამასთან, ბიზნესმენები "კომენდანტის საათის" საკითხის გადახედვას მოითხოვენ.
"თუ ეკონომიკის გამოცოცხლებაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია პოლიტიკის გადახედვა – იქნება ეს "კომენდანტის საათის" მოხსნა თუ ვადის გაგრძელება. ზაფხულის პერიოდი იწყება, ტურიზმის სექტორი უნდა აღდგეს და ამისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საღამოს მეტი დრო და სივრცე არსებობდეს", - განაცხადა "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა.
ბიზნეს–ასოციაციის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში "კომენდანტის საათი" რამდენიმე თვეა, მოქმედებს.


