Accentnews.ge
"მივმართავ პროკურატურას, ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გირაოთი გამოშვების შუამდგომლობა დააყენოს. გაფრთხილებთ, დაიკეტება ყველაფერი, პარალიზება მოხდება"

"მივმართავ პროკურატურას, ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გირაოთი გამოშვების შუამდგომლობა დააყენოს. გაფრთხილებთ, დაიკეტება ყველაფერი, პარალიზება მოხდება"

22/04/2021 06:07:48 საზოგადოება

მომღერალი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") პროკურატურას მოუწოდებს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელები გირაოთი გაათავისუფლოს. მისი თქმით, თუ პროკურატურა ბრალდებულებს არ გაათავისუფლებს, იგი აქციებს გამართავს და მათი გათავისუფლება "მაინც მოუწევთ".

"ადამიანები როდესაც ეხმარებიან, აწვებიან [მანქანას], კარგად ხედავენ, ვისაც ეხმარებიან. რაღაცა მოხდა იქ ისეთი, ან რაღაცა შეურაცხყოფა თვითონ ამისგან მიყენებული, რაღაცაზე წამოაგო, მერე თვითონვე დარეკა მილიციაში. წლი-ნახევრის ბავშვს შეიძლება, მოშივდეს, ან ხმამაღალ ლაპარაკში დაიწყოს ტირილი, ის რომ იქ რა ხდებოდა, იმაში ვერ ერკვევა, ხომ ცხადია. სპეკულანტობენ ამ ბავშვით.

მინდა, მივმართო პროკურატურას, გირაოთი გამოშვების შუამდგომლობა დააყენოს, თორემ აუცილებლად მოგიწევთ. არ ვაპირებ არანაირი მიტინგების ჩატარებას და მეგაფონებით სირბილს, ერთადერთ რაღაცას რასაც ვაპირებ – მოსვლას, დგომას და თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული, ყველაფერს, ასე, მდუმარედ. სანამ ადამიანების გულებში არ აღიძვრება სამართლიანობის მომენტი. გაფრთხილებთ, დაიკეტება ყველაფერი, პარალიზება მოხდება”,– აცხადებს "უცნიბი".

"ფეხები ვერავის მოსჭამოთ ძირში, თქვე ფარჩაკებო", – ასე გამოეხმაურა სანაია "უცნობის" განცხადებას.

ცნობისთვის: 24 თებერვალს ღამით ჟურნალისტ ვახო სანაიას თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს სანაია მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. პოლიციამ 3 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ვახო სანაიაზე ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს ძალადობას, დევნასა და მუქარას ედავება. სამივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ მაქსიმუმ 3-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

მათ ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

  • მუხლი 126 - ძალადობა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
  • მუხლი 151 - სიცოცხლის მოსპობის მუქარა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
  • მუხლი 156 - ადამიანის დევნა ძალადობით - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიაორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, დიპლომატებმა და ხელისუფლებამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S