Accentnews.ge
თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმიანება

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმიანება

21/04/2021 16:03:06 თავდაცვა, რეკლამა

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ 2019 წლის თავდაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში გაწერილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. საუბარია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მემკვიდრეობით გადმოცემული ქონების შეფასებაზე, რომელიც უწყებას მოყვება და აღნიშნული პრობლემა 2020 წელს იქნა აღმოფხვრილი.

უწყების ცნობით, ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით ანგარიშგების გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ 2020 წელს გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მონაცემებს შორის ცდომილების მინიმუმამდე დაყვანას:

„გარდა ამისა აუდიტის სამსახურთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის მიხედვით რეკომენდაციების შესრულება ამ ეტაპზეც გრძელდება. რაც შეეხება ფინანსური ინფორმაციის სანდოობის, ნაშთებისა და ოპერაციების ურთიერშესადარობის გაუმჯობესებისა და აღრიცხვის დროულობის, სისრულისა და სიზუსტის მიმართულებით გაცემულ რეკომენდაციებს თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე 2020 წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული პრობლემების, კერძოდ ფინანსურ აღრიცხვაში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. აღსანიშნავია, რომ დებიტორული დავალიანების დიდი ნაწილი 238,964,804 ლარი არის 2010 წლამდე არსებული დავალიანებაა,რომელიც ეხება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად თანხები აღრიცხულია როგორც ვალდებულება უწყების წინაშე. სამინისტროს მიერ რიგ შემთხვევაში ხდება განუბაჟებელი საქონლის თანხობრივად აღრიცხვა, თუმცა მსაგავსი ტიპის აღრიცხვა არ წარმოდგენს სრულყოფილი აღრიცხვის ფორმას, ამიტომ სამინისტროს მიერ ხდება ფინანსური ანგარიშგების ძირეულ პორბლემებზე კონცენტრირება და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძებების გატარება. რაც შეეხება ჯართის რეალიზაციის პროცედურის რისკებსა და ნაკლოვანებებს, აღნიშნული მიგნება თავად უწყების შიდა აუდიტის მიერ იქნა აღმოჩენილი, რაზეც ბუნებრივია პრევენციულ ზომებს გავატარებთ“.

ცნობისთვის: აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა თავდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების მონაცემების დადარებისას აღმოაჩინა, რომ უზუსტობა 697 406 534 ლარი იყო. აუდიტორებმა უწყების ფინანსური და მატერიალური საკითხები 2019 წლის ჩათვლით შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ სარდლობებისა და ქვედანაყოფების დონეზე სააღრიცხვო მონაცემები არაინფორმაციულია, ხოლო ფინანსების მართვის დეპარტამენტი სრულყოფილად ვერ აკონტროლებს ეკონომიკურ საკითხებს.

"სარდლობებისა და მათი ქვედანაყოფების მიერ სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში და ჯლუსში დამოუკიდებლად (ინდივიდუალურ დონეზე) წარმოდგენილი აქტივების რაოდენობრივი მონაცემები და აქტივებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინფორმაცია, ვერ უზრუნველყოფს ურთიერთშესადარისობასა და სანდოობას", - ვკითხულობთ დასკვნაში.

აუდიტორები აღნიშნავენ, რომ სამინისტროს არ აქვს დეტალურად შესწავლილი ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემის უზუსტობის გამომწვევი მიზეზები. უზუსტობები, ძირითადად, გამოწვეულია აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესის ნაკლოვანებებით და არაერთგვაროვანი მიდგომების გამოყენებით.

დასკვნაში მოყვანილია რამდენიმე მიზეზი:

  • ზოგიერთ შემთხვევაში სამინისტროს მიერ თანხობრივად აღრიცხულია ისეთი აქტივები, რომლებიც განბაჟებული არ არის, ხოლო ქვედანაყოფები ასეთ აქტივებს აღრიცხავენ მხოლოდ რაოდენობრივად. მაგალითად, 2019 წელს ქვედანაყოფების მიერ მიღებული 3 734 819 ლარის ღირებულების განუბაჟებელი აქტივები, თანხობრივად აღრიცხული არ არის;
  • 2019 წლის დეკემბრის თვეში გრანტის სახით მიღებული 4 758 776 ლარის სატრანსპორტო საშუალებები, ქვედანაყოფის მიერ აღრიცხულია დაგვიანებით, 2020 წლის თებერვალში.

"მონაცემთა სხვაობის მიზეზები დაკავშირებულია სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობასთან და რიგ შემთხვევებში ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირების კომპეტენციასთან", - აღნიშნავენ აუდიტორები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S