თბილისის მერია „მარშუტკებში“ მგზავრების მთვლელს ყიდულობს
21/04/2021 15:15:11 საზოგადოება
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრთა ნაკადების დასათვლელად სპეციალურ მთვლელებს ყიდულობს. მედია 1000 მთვლელის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც 3,3 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
„მიმდინარე წლის 20 აპრილს სააგენტოს მიერ, გამოცხადდა NAT210007248 ტენდერი 1000 ერთეული, ავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) შესყიდვა-მონტაჟით. ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა 3,300,000.00 ლარი. აღნიშნული მოწყობილობების შეძენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსების მგზავრობიდან მიღებული შემოსავალი მიემართება სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო მგზავრთა რაოდენობისა და გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციის კონტროლისა და მეტი სიზუსტისთვის, წამყვანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მსგავსი მოწყობილობების მონტაჟი“,– განუცხადეს „აქცენტს“ თბილისის მერიაში.


