
ლაგოდეხის მერიის მაღალჩინოსანი: "მთავრობის დანაშაულებრივი ქმედებების გამო საჯარო სამსახურში მუშაობა აღარ მსურს“
16/07/2019 05:00:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
20–21 ივნისის მოვლენების გამო ლაგოდეხის მერიის მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა.
„საქართველოს მთავრობის და მმართველი პარტიის სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედებების გამო საჯარო სამსახურში მუშაობა აღარ მსურს", – განაცხადა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გია კუდაშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, რომ ისე დააკმაყოფილა კუდაშვილის სამსახურიდან წასვლის განცხადება, რომ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„არ ვიცი მას რა ესმოდა, ვისგან რა გაიგონა, მსგავსი რაღაცეები ჩემთვის ცნობილი არ არის", -აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი.
კუდაშვილი მერიაში 2010 წლიდან მუშაობდა, განყოფილების უფროსად კი 2013 ში დაინიშნა.
ცნობისთვის: თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.