Accentnews.ge
დროებითი ლეგალური დასაქმება ისრაელში - ხშირად დასმული კითხვები

დროებითი ლეგალური დასაქმება ისრაელში - ხშირად დასმული კითხვები

21/04/2021 06:51:13 საზოგადოება

1. რის საფუძველზე ხდება ისრაელში კანონიერად დასაქმება?

2020 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და ისრაელის მოსახლეობისა და საემიგრაციო სამსახურს შორის დაიდო შეთანხმება “საქართველოს მოქალაქეების ისრაელის სახელმწიფოში დროებითი დასაქმების შესახებ ისრაელის სახელმწიფოში შრომითი ბაზრის კონკრეტულ სექტორებში”.

2. სად დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები ისრაელში?

ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმდებიან ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე.

3. რა ფუნქცია-მოვალეობები ეკისრება ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში დამხმარე მუშაკს?

დამხმარე მუშაკებს ევალებათ ისრაელში, ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში მცხოვრები ხანდაზმულების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა, გადაადგილებაში დახმარება, პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა (მათ შორის, დაბანა, მოწესრიგება, თეთრეულის გამოცვლა და სხვ.), პაციენტის კვება/კვებაში დახმარება, პაციენტთან კომუნიკაცია, პალატის სისუფთავის დაცვა, ექთნის ზედამხედველობისა და მითითებების შესაბამისად პაციენტებისათვის საჭირო სხვა დახმარების გაწევა.

4. ვის შეუძლია დასაქმდეს ისრაელში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე?

ისრაელში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • განათლება: უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;
  • უცხო ენა: ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
  • სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი; წონა: არა ნაკლებ 45 კგ;
  • ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
  • ნასამართლეობის არმქონე;
  • ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
  • არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
  • არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
  • კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის და სხვა ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
  • თანხმობა უნდა ჰქონდეს მიცემული იმაზე, რომ სამუშაო ვიზის ვადის დასრულებისას მან აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი.

5. შეუძლია თუ არა უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირს დასაქმდეს ისრაელში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე?

უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირს იმ შემთხვევაში შეუძლია დასაქმდეს ისრაელში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე, თუ ის ფლობს სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის დამადასტურებელ სერტიფიკატს. ამასთან, მას მხოლოდ დამხმარე მუშაკის პოზიციაზე მუშაობის უფლება აქვს.

6. სავალდებულოა თუ არა კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება?

ისრაელში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებისთვის სამუშაო გამოცდილების ქონა არ არის სავალდებულო.

7. სავალდებულოა თუ არა უცხო ენების ცოდნა?

ისრაელში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებისთვის აუცილებელია ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. ენის ცოდნის დონის დასადგენად კანდიდატი შერჩევის ეტაპზე გაივლის მითითებულ ენაზე გასაუბრებას.

8. რა ხანგრძლივობით ხდება დასაქმება?

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია თითო წლით, მაქსიმუმ 5 წლამდე ვადით.

9. როგორი იქნება სამუშაო დროის ხანგრძლივობა?

დამხმარე მუშაკი დასაქმებული იქნება სრულ განაკვეთზე, რაც შეადგენს 42 საათს კვირაში. კვირაში ექვსი (6) სამუშაო დღის განმავლობაში ის იმუშავებს ექვს (6) ცვლას.

10. რამდენი იქნება ანაზღაურება?

თვეში დარიცხული ხელფასის ოდენობა იქნება სულ ცოტა 5300 შეკელი (2021 წლის 11 აპრილის კურსის შესაბამისად, 1610 აშშ დოლარის ექვივალენტი), კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობისას; ხოლო კვირაში 58 საათიანი სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში - 8023 შეკელი (დაახ. 2440 აშშ დოლარი).

11. ანაზღაურდება თუ არა ზეგანაკვეთური სამუშაო?

ზეგანაკვეთური სამუშაო (კვირაში 42 საათზე მეტი) ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით. დამსაქმებელს უფლება აქვს, ზეგანაკვეთური ანაზღაურების ნაცვლად, დასაქმებულს მისცეს დამატებითი დასვენების დრო.

12. როგორ მოხდება ანაზღაურება ავადმყოფობის შემთხვევაში?

დასაქმებულს შეუძლია ისარგებლოს ავადმყოფობის გამო შვებულებით, რომლის ვადა განისაზღვრება ყოველ ნამუშევარ თვეზე 1.5 დღის ოდენობით, მაქსიმალური ვადა წელიწადში - 90 დღე.

დასაქმებულმა უნდა წარადგინოს სამედიცინო ცნობა, რომელიც დაადასტურებს, რომ ავადმყოფობის გამო არ შეუძლია მუშაობა. ავადმყოფობის პირველი დღე არ ანაზღაურდება. მეორე და მესამე დღე - ანაზღაურდება ხელფასის 50%- ით, მეოთხე დღიდან - სრულად.

13. როგორ დაიბეგრება დარიცხული ხელფასი?

მომუშავის დარიცხულ ხელფასს გამოაკლდება:

ა) საშემოსავლო გადასახადი და სოციალური დაზღვევის გადასახადი;

ბ) სამედიცინო დაზღვევის საფასურის ნაწილი;

გ) საცხოვრებლისა და კომუნალური ხარჯები.

14. რა ხარჯების გაღება მომიწევს ისრაელში გამგზავრებამდე?

შერჩეულ კანდიდატს გამგზავრებამდე მოუწევს შემდეგი ხარჯების გაღება:

  • საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ღირებულება (მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის არ ქონის შემთხვევაში);
  • მგზავრობის ხარჯები (ისრაელში გამგზავრება);
  • სამედიცინო გამოკვლევის საფასური, COVID-19-ზე PCR ტესტის საფასური.

აღნიშნული ხარჯების გარდა, ისრაელში დასაქმებასთან დაკავშირებით, შერჩევისა და დასაქმების არც ერთ ეტაპზე, განმცხადებელი არ გადაიხდის არანაირ საფასურს.

15. თუ დავსაქმდები დამხმარე მუშაკის პოზიციაზე, სად ვიცხოვრებ ისრაელში?

საცხოვრებელი შეიძლება განთავსებული იყოს ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში, ან მის გარეთ, სამუშაო ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე.

16. ვინ აანაზღაურებს საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს?

დამხმარე მუშაკი გადაიხდის საცხოვრებელთან და კვებასთან დაკავშირებული ხარჯის ნაწილს. დამხმარე მუშაკის მიერ გადასახდელი წილის ოდენობა განსაზღვრული იქნება ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში.

17. გაფორმდება თუ არა შრომითი ხელშეკრულება?

დამხმარე მუშაკსა და დამსაქმებელს შორის წერილობითი ფორმით გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ექნება განსაზღვრული ვადა (1 წელი).

18. ჩემი კანდიდატურის შერჩევის შემთხვევაში დამჭირდება თუ არა ვიზა ისრაელში წასასვლელად?

დამხმარე მუშაკის პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს ისრაელში გასამგზავრებლად დასჭირდება სამუშაო ვიზის მიღება.

19. გამგზავრებამდე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აუცილებლად მივიღებ თუ არა ისრაელის ვიზას?

ისრაელში გამგზავრებამდე გაფორმებული ხელშეკრულება არის სამუშაო ვიზის მიღების აუცილებელი წინაპირობა, თუმცა გადაწყვეტილებას ვიზის გაცემაზე იღებს ისრაელის საელჩო.

20. ვინ უნდა წარადგინოს ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტები ისრაელის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში?

საქართველოს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გადასცემს სავიზო განაცხადის ფორმას, პასპორტსა და ყველა საჭირო დოკუმენტებს თბილისში ისრაელის საელჩოს საკონსულო განყოფილებას.

21. მექნება თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა?

დამხმარე მუშაკად დასაქმებულ პირს დამსაქმებელი უზრუნველყოფს სამედიცინო დაზღვევით, რომლის გადასახადის ნაწილს იხდის დასაქმებული. ხელფასიდან შეიძლება დაიქვითოს, დამსაქმებლის მიერ სამედიცინო დაზღვევისთვის გადახდილი საფასურის 1/3 ან 125.47 შეკელი თვეში.

22. რა სახის ვაქცინების გაკეთება მომიწევს ისრაელში ჩასვლის დროს?

ისრაელში ჩასვლის შემდგომ დასაქმებული ვალდებულია ორ ეტაპად ჩაიტაროს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

23. როგორია დასაქმების პროცედურები?

ისრაელში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმების მსურველები გაივლიან შემდეგ პროცედურებს:

  • ონლაინ რეგისტრაცია პორტალზე: www.workabroad.moh.gov.ge;
  • მონაცემების გადამოწმება და კანდიდატების პირველადი შერჩევა;
  • გასაუბრება;
  • წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა;
  • შერჩეული კანდიდატების მიერ სამედიცინო შემოწმების გავლა და ნასამართლეობის ცნობის წარმოდგენა;
  • ისრაელის მოსახლეობისა და საემიგრაციო სამსახურის მიერ კანდიდატების საბოლოო შერჩევა;
  • შერჩეულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

24. როგორ გავიარო რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობაზე?

ისრაელში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმების მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია პორტალზე www.workabroad.gov.ge და შეავსოს ელექტრონული განაცხადი „დროებით დასაქმება ისრაელში“. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონალურ ოფისებს.

25. ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების დასაქმების შესახებ?

საბოლოო გადაწყვეტილებას ცალკეული შრომითი მიგრანტის დასაქმების თაობაზე იღებს ისრაელის მხარე.

26. ისრაელში გამგზავრებამდე ჩამიტარდება თუ არა ინსტრუქტაჟი?

შერჩეულ კანდიდატებს, რომლებსაც გაუფორმდებათ ხელშეკრულება და მიიღებენ ისრაელის ვიზას, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ჩაუტარებს ინსტრუქტაჟს ხელშეკრულების დეტალების, დამხმარე მუშაკის უფლება-მოვალეობების შესახებ, გააცნობს ისრაელში ჩასვლისა და ცხოვრების პირობებს, ეროვნულ ტრადიციებსა და კულტურას, ასევე მიაწვდის ინფორმაციას, თუ ვის უნდა დაუკავშირდნენ საგანგებო სიტუაციებში.

27. დასაქმება მოხდება ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად?

დასაქმება და საქართველოდან გამგზავრება შესაძლებელია მოხდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

28. შემიძლია თუ არა ოჯახის წევრების თან წაყვანა?

ისრაელში გამგზავრება შეუძლია მხოლოდ დასაქმებულ პირს.

29. სად შეიძლება გავეცნო ისრაელში უცხოელ მუშაკთა უფლებების შესახებ ინფორმაციას?

ისრაელში უცხოელი მუშაკების უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია (მათ შორის რუსულ ენაზეც) შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://www.gov.il/BlobFolder/generalpage/foreign_workers_rights_booklets/he/eng_0718.pdf

30. ვის უნდა მივმართო ისრაელში შრომითი უფლებების დარღვევის ან სხვა საჭიროების შემთხვევაში?

დასაქმებულთა საჩივრებისა და შეკითხვებისათვის მოქმედებს ისრაელის „მოსახლეობისა და საემიგრაციო სამსახურის“ ქოლცენტრი ინგლისურ და რუსულ ენებზე. ამასთან, დასაქმებულს შეუძლია მიმართოს ისრაელის შრომის, სოციალური დაცვისა და მომსახურების სამინისტროში უცხოელ მუშაკთა შრომითი უფლებების ომბუდსმენს და ისრაელში საქართველოს საკონსულოს.

31. შემიძლია თუ არა ისრაელში სხვა დამსაქმებელთან სამუშაოდ გადასვლა?

რეგისტრაციისა და ისრაელის „მოსახლეობისა და საემიგრაციო სამსახურის“ წერილობითი დასტურის მიღების შემდეგ, დამხმარე მუშაკს შეუძლია სამუშაოდ გადავიდეს მხოლოდ ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებაში, რომელსაც აქვს უცხოელი დამხმარე მუშაკის დასაქმების ნებართვა.

32. რა ხდება ვიზის ვადის დასრულებისას?

ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად, სამუშაო ვიზის ხანგრძლივობის დასრულებისა და მისი გაგრძელების შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, დამხმარე მუშაკმა სამუდამოდ უნდა დატოვოს ისრაელი, წინააღმდეგ შემთვევაში იგი დაექვემდებარება დეპორტაციის პროცედურას.

33. პროგრამაში ერთხელ მონაწილეობის მიღების შემდეგ, შემეძლება თუ არა ხელმეორედ გავაკეთო განაცხადი ისრაელში დასაქმებაზე?

ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის უფლება პირს მხოლოდ ერთხელ აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S