ნავალნის მხარდამჭერი აქცია თბილისშიც დაანონსდა
21/04/2021 06:36:24 საზოგადოება
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია თბილისშიც დაანონსდა.
აქცია თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე ჩაინიშნა.
"ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ ამჟამად, პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე - ნავალნი ციხეშია გამოკეტილი და 31 მარტიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. მოწამვლის შემდეგ, 17 იანვარს, ნავალნი გერმანიიდან დაბრუნდა რუსეთში და იგი მაშინვე - აეროპორტში დააკავეს და ამ წუთიდან მოყოლებული ის პატიმრობაშია. მარტში იგი გადაიყვანეს ვლადიმირსკის მხარის „გამასწორებელ კოლონიაში“, სადაც ნავალნის აწამებენ - არ აძლევენ ძილის საშუალებას და უზღუდავენ პატიმრისათვის გარანტირებულ ყველა უფლებას.ამასთან ერთად, ამჟამად ნავალნის ემუქრებიან იძულებითი კვებით, რითაც აღიარებენ მისი ჯანმრთელობის გაუარესებას, თუმცა მას სამედიცინო დახმარებაზე მაინც უარს ეუბნებიან. ჩვენ გამოვდივართ აქციაზე, რათა მხარი დავუჭიროთ იმ მოქალაქეებს რუსეთში, რომელთაც საპროტესტოდ გამოსვლის არ ეშინიათ! ჩვენ გვინდა, მათ დაინახონ მხარდაჭერა ჩვენგან! ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ დაინახოს - რუსეთი არა მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოებთან ომში კლავს ადამიანებს, არამედ ქვეყნის შიგნითაც - საკუთარ მოქალაქეებს! ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ გვძულს XXI საუკუნის მთავარი მკვლელი - პუტინი!", - წერენ აქციის ოგრანიზატორები.
მოსკოვში დილიდან დაიწყეს კრემლის მიმდებარე ქუჩების და მოედნების გადაკეტვა. მობილიზებულია პოლიცია და ეროვნული გვარდია.
ხელისუფლება მიზეზად ასახელებს ფედერალური კრებისადმი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დღევანდელი მიმართვისას უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ზომების გაძლიერება უკავშირდება ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად დღეს დაგეგმილ აქციებს. მოსკოვის მერიამ აქციების ჩატარების ნებართვა არ გასცა, რუსეთის შსს-მ და გენერალურმა პროკურატურამ კი, მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ მასობრივი არეულობებისთვის პასუხს აგებენ.
ცენტრალური ქუჩები და მოედნები დაკეტეს რუსეთის სხვა ქალაქებშიც. კოსტრომასა და ულან-უდეში მიზეზად დაასახელეს ტკიპების საწინააღმდეგო დეზინფექცია, ხოლო ეკატერინბურგში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის რეპეტიცია.
რუსული სოციალური ქსელებიდან ВКонтакте და Одноклассники შლიან აქციებში მონაწილეობისკენ მოწოდებებს. მიზეზად ასახელებენ ფედერალური სამსახურის „როსკომნადზორის“ გაფრთხილებას დაჯარიმების შესახებ.
ცნობისთვის: ალექსეი ნავალნი ორ კვირაზე მეტია შიმშილობს ვლადიმირის ოლქის კოლონიაში. იგი ამჟამად ციხის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია.
„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ, მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა რეალური სასჯელით შეუცვალა. მან პატიმრობაში კიდევ 2 წელი და 5 თვე უნდა გაატაროს.


