იმპორტირებული ელექტროენერგიის ნახევარი ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა
20/04/2021 07:19:17 ეკონომიკა
2021 წლის მარტში იმპორტირებული ელექტროენერგიის 49,7% ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა, მთლიანად რეგიონმა ერთ თვეში 324.518 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მიიღო, რაც მოხმარების 26,2%-ია. საქართველომ მარტში ჯამში 1234.398 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა.
უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მარტში საქართველომ რუსეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში ჯამში 609,683 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია იყიდა. რუსეთიდან იმპორტირებული 343,641 მლნ კვტ-სთ-დან 303,011 მლნ კვტ-სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. თურქეთიდან იმპორტმა 103,602 მლნ კვტ-სთ შეადგინა, აზერბაიჯანიდან კი - 162,440 მლნ კვტ-სთ.
რაც შეეხება გენერაციას, 2021 წლის მარტში ქვეყანაში წარმოებულმა ელექტროენერგიის მოცულობამ 661.334 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ეს კი 23,7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მარტში საქართველოში მთლიანად 867.133 მლნ კვტ/სთ დენის გამომუშავება მოხდა.
„ესკოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მარტში 17,5%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება და ჯამში 1234.398 მლნ კვტ/სთ შეადგინა. (2020 წლის მარტში - 1050.333 მლნ კვტ/სთ). ამასთან, 39,2%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება ოკუპირებულ აფხაზეთშიც, კერძოდ, თუ 2020 წლის მარტში რეგიონი მთლიანად 232,977 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდა, წელს მარტში ამ მაჩვენებელმა 324.518 მლნ კვტ/სთ შეადგინა.


