აპატურაი სამ მთავარ ფუნდამენტურ ცვლილებას ასახელებს, რომელთა მიმართ NATO-მ ადაპტირება უნდა მოახდინოს
20/04/2021 12:27:18 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სამ მთავარ ფუნდამენტურ ცვლილებას ასახელებს, რომელთა მიმართ NATO-მ ადაპტირება უნდა მოახდინოს.
"NATO–ს საფუძველი ძლიერია. ძლიერი პოზიციები გვაქვს და კიდევ უფრო გვინდა გავამყაროთ. რამდენიმე ფუნდამენტური ცვლილება არსებობს, რომელთა მიმართ ალიანსმა ადაპტირება უნდა მოახდინოს. პირველი ეს არის მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენცია, ეს ნიშნავს რუსეთს და უნდა გავითვალისწინოთ ჩინეთის აღმავლობა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთი მტერია, თუმცა არსებობს გამოწვევები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. მეორე გახლავთ ტექნოლოგიური ცვლილებები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ალიანსმა უნდა მოახდინოს მათდამი ადაპტირება. მესამე გახლავთ კლიმატის ცვლილება. ალიანსმა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა შეიტანოს წვლილი", – განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, უნდა გაძლიერდეს კოლექტიური თავდაცვა, რაც ნიშნავს NATO–ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების ეროვნული მთლიანი შიდა პროდუქტის 2%–მდე გაზრდას.


