„ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება" – ახალი შეზღუდვების თაობაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს
20/04/2021 11:33:31 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხვალ გაიმართება მსჯელობა როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესებაზე, ასევე იმაზე, რომელი ორგანიზაციები არ იმუშავებენ უქმედ გამოცხადებული დღეების განმავლობაში.
„ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, ამისთვის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შრომითი ინსპექციის მხრიდან გამკაცრებულია მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნებული იქნას მსგავსი მიდგომა, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა ინფექციის გავრცელების დროული შეკავება მოხდეს. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 000–ს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდ–საბჭო, განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს, რომელიც განხორციელდება. საბჭოზე განვიხილავთ კომპლექსურად იმ მაჩვენებლებს, რომლებიც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რათა ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაცია დაწესდეს. ასევე, ვიმსჯელებთ, რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას და რა მიმართულებისთვის იქნება შეზღუდული სამუშაოს გაგრძელება უქმედ გამოცხადებული დღეების განმავლობაში“,- განაცხადა ტიკარაძემ.
ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელმა ბოლო თვეების ანტირეკორდი მოხსნა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 1 792 შემთხვევა გამოვლინდა.


