Accentnews.ge
აშშ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს შავი ზღვის ნაწილის დაკეტვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

აშშ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს შავი ზღვის ნაწილის დაკეტვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

20/04/2021 08:48:20 მსოფლიო

აშშ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს შავი ზღვის ნაწილის დაკეტვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოსკოვის გადაწყვეტილება, 6 თვით ჩაკეტოს ქერჩის სრუტე სხვა ქვეყნის გემებისთვის, "უკრაინისთვის დამაზიანებელი" ნაბიჯია.

"წარსულში რუსეთმა არაერთხელ მიმართა აგრესიულ ზომებს უკრაინული გემების წინააღმდეგ და ხელს უშლიდა აზოვის ზღვაზე მდებარე უკრაინულ პორტებში მიმოსვლას, რაც ზიანს აყენებდა უკრაინის საერთაშორისო ვაჭრობას. უკრაინის საზღვრის სიახლოვესა და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ისეთი მილიტარიზაციის ფონზე, რომელიც 2014 წლის შემდეგ არ გვინახავს, ახალი გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძაბავს არსებულ ვითარებას. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინას მისი მუდმივი თავშეკავებისათვის რუსეთის პროვოკაციების წინაშე და მოვუწოდებთ, რუსეთს გააუქმოს ეს გადაწყვეტილება, შეაჩეროს ძალების თავმოყრა უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში. აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში", – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი გეგმავს, დაკეტოს ქერჩის სრუტე, რომელიც შავ და აზოვის ზღვებს აკავშირებს ერთმანეთთან. სრუტე სხვა ქვეყნების ხომალდებისთვის მიმდინარე წლის ოქტომბრამდე დაიკეტება.

იხილეთ ასევე: საქართველო რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლითაც აზოვის ზღვაზე მდებარე უკრაინულ პორტებთან საზღვაო მიმოსვლა იზღუდება

13 აპრილს რუსეთმა კასპიის ფლოტილიის 15 სამხედრო გემი, მათ შორის, 3 საარტილერიო და 8 სადესანტო ხომალდი შავი ზღვის მიმართულებით გაუშვა. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ხომალდები სამხედრო წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ოფიციალური პრეს–რელიზის თანახმად, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლობა ერთობლივი წვრთნით მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფნის დონის შემოწმებას და შავი და კასპიის ფლოტილიის მხარდაჭერით ჰიპოთეტური მოწინააღმდეგის საზღვაო და საჰაერო დესანტის მოგერიებას. მოსკოვში აცხადებენ, რომ მასშტაბური წვრთნები დაახლოებით, 2 კვირაში უნდა დასრულდეს.

უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა. თუმცა გაიმართება თუ არა შეხვედრა ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S