
თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა
15/07/2019 18:27:34 სხვა, ეკონომიკა, საზოგადოება
ელექტროენერგიის კომერციული ოპერატორის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში საქართველოში 1 მლრდ 165.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (1 მლრდ 175.96 მლნ კვტ.სთ) დაახლოებით 1%-ით ნაკლებია.

მიუხედავად, ჯამურად შემცირებისა, თბილისში, ანუ „თელასის“ აბონენტების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 11.6%-ით გაიზარდა, რეგიონებში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არეალში კი 20%-ით შემცირდა. ამ შემცირებაში სავარაუდოდ, პირდაპირი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გასვლაც აისახა.
კერძოდ, ესკო-ს სტატისტიკა აჩვენებს, (2 გრაფ) რომ გასული წლის ივნისთან შედარებით, პირდაპირი მომხმარებლების რაოდენობა შვიდიდან ჩვიდმეტამდე გაიზარდა, ელექტროენერგიის მოხმარება კი თითქმის გაორმაგდა - 324.471 მლნ კვტ.სთ-მდე, მათ შორის კრიპტოვალუტების მწარმოებლების ხარჯზე.
რაც შეეხება წლის პირველი ნახევრის ჯამურ მაჩვენებლებს, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყანამ 6 მლრდ 644.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 1.42%-ით ნაკლებია.