ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია 32 000–ზე მეტმა პირმა გაიარა
20/04/2021 07:20:20 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია ამ დროისთვის 31 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა.
რეგისტრაცია 19 აპრილს დაიწყო. 20 აპრილის 11:20 საათისთვის სპეციალურ საიტზე https://www.moh.gov.ge/covid-chart/register დარეგისტრირებული იყო 32 831 მოქალაქე.
რეგისტრირებულ მოქალაქეთა მიერ მოთხოვნილ ვაქცინათა შორის მნიშვნელოვნად ლიდერობს "ფაიზერი", შემდეგ პოზიციას იკავებს "მოდერნა", მას მოსდევს "ასტრა–ზენეკას" ვაქცინა.დაბალი მოთხოვნაა ჩინურ ვაქცინებზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა აღემატება უკვე ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობას (30209). 15 მარტიდან საქართველოში მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და 55 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეების აცრა Pfizer-ის და Astrazeneca-ს ვაქცინებით.
ასაცრელად წინასწარ დარეგისტრირების მსურველებს ვაქცინების არჩევა შეუძლიათ. ამ დროისთვის რეგისტრირებულთა უმრავლესობა, 30 ათასზე მეტი უპირატესობას ანიჭებს Pfizer/Biontech-ის ვაქცინას.


