
20–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს
15/07/2019 16:34:48 სხვა, სამართალი
სამართალდამცველებმა 20–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დემონსტრაციის კიდევ ოთხი მონაწილე დააკავეს,– ამის სესახებ განცხადება შსს–ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. აღინიშნა, რომ დაკაება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა. ამ დროისთვის კი ჯამში რვა პირია დაკავებული, ვინაიდან ოთხი გასულ კვირას დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ: 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია. 1979 წელს დაბადებული ვ. გ. ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცავებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
1996 წელს დაბადებული ი. მ. სამართალდამცველს ურტყამდა რეზინის ხელკეტს და შეკრებილებს მოუწოდებდა პოლიციელებზე თავდასხმისკენ. რაც შეეხება, 1997 წელს დაბადებულ მ. ფ. - ს, იგი მოქმედებდა განსაკუთრებული აგრესიით, პოლიციელებს ართმევდა დამცავ ფარებს და ფიზიკურ შეტევას ახორციელებდა მათზე.
აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დღეის მდგომარეობით პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესს ინტენსიურად აგრძელებს. მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას",– აცხადებენ შსს–ში.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.