იმერეთის აგროზონასა და საქართველოს შემფუთველთა კლასტერს (PMAG) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
19/04/2021 08:48:41 საზოგადოება, რეკლამა
ერთობლივი კროს-კლასტერული პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს შემფუთველთა კლასტერსა (PMAG) და შ.პ.ს „იმერეთის აგროზონას“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მისი ცნობით, მემორანდუმს ხელი შ.პ.ს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ და საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა მჭედლიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი შესაფუთი მასალების მწარმოებლებსა და სასათბურე მეურნეობის სექტორში, მოქმედ კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მიზნად ისახავს. ასევე, ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სასათბურე შესაფუთი მასალების წარმოებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„მემორანდუმი ითვალისწინებს, მხარეებისთვის აქტუალურ თემებზე ერთობლივი კვლევების ჩატარებას და ცოდნის, უნარების და გამოცდილების გაზიარებას.
საქართველოს შემფუთველთა კლასტერი (PMAG) გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ შესაფუთი მასალების კლასტერს წარმოადგენს. რომელიც 40-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და მიზნად ისახავს, შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრების დახმარებას. ასევე, ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის გაღრმავების გზით, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
შ.პ.ს „იმერეთის აგრო ზონა“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. სასათბურე მეურნეობების განვითარების პროექტი წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, 220 ჰექტარ ფართობზე მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას და განვითარებას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.


