Accentnews.ge
სტუდენტები ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ: "პრეზიდენტის წარმომადგენელმა გაუნათლებლები და უწიგნურები გვიწოდა"

სტუდენტები ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ: "პრეზიდენტის წარმომადგენელმა გაუნათლებლები და უწიგნურები გვიწოდა"

15/07/2019 12:40:22 სხვა, საზოგადოება

გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტები ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მათ შეხვედრაზე გაუნათლებლები უწოდა. როგორც მირიან გამრეკელაშვილმა "რუსთავი 2"– ს უამბო, დამსწრე საზოგადოებას სურდა, მოესმინა პრეზიდენტისგან 20–21 ივნისის ღამის შეფასება, ასევე სალომე ზურაბიშვილის აზრი რუსეთთან, დავით–გარეჯთან შექმნილი პრობლემის შესახებ, საპასუხოდ კი პრეზიდენტმა მათ მოუწოდა, არა ზეპირად, არამედ დოკუმენტებით ესაუბრათ.

"მოგვიწოდა, გვესაუბრა დოკუმენტებით და არა ზეპირად, გვენახა მისი განცხადებები, თუმცა მისი აი, ამ შენიშნვის შემდეგ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო იმნაძემ პრეზიდენტს წაუკითხა მისივე 2017 წლის განცხადება, სადაც ის NATO-ს წვრთნებს საქართველოში ნეგატიურ მოვლენად და გეოპოლიტიკურ საფრთხედ აფასებს. თუმცა, ამ განცხადებაზე პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო ადრე და ახლა აზრი შეიცვალა, ბევრ რაღაცას გადახედა და ახლა სხვა ადამიანია. თუმცა, ამ კითხვას უფრო მწვავე კითხვები მოჰყვა და საქმეში ჩაერთო პრეზიდენტის თანხმლები პირთაგან ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც არ წარგვიდგინეს და ამ ქალბატონმა დამსწრეებს გაუნათლებლები და უწიგნურები უწოდა და ბრალი დასდო მათ პარტიულ ანგაჟირებაში. ხმაურის შემდეგ პრეზიდენტმა და მისმა ამალამ დატოვა შეხვედრა დამშვიდობების გარეშე, მაგრამ სანამ დაგტოვებდა, ჩემმა მეგობარმა ბატონმა ხიმშიაშვილმა და მე განვახორციელეთ ეს ჟესტი [ცალ თვალზე ხელის აფარება,  რითაც მოქალაქეები 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ] მე პირადად მაქვს ორმაგი პროტესტი. პირველი, რომ თავად მეც მაღიზიანებს ჩვენი მოქმედი მთავრობის რაღაცა რუსეთუმე პოლიტიკა, რომელიც დიდი ხანია გრძელდება საქართველოში და მეორეს მხრივ, არ მსურს, ჩემს შვილს თვალი ამოთხარონ იმიტომ, რომ მან რაღაც გააპროტესტა",–განაცხადა გამრეკელაშვილმა.

მონაწილეების ინფორმაციით, შეხვედრა 14 ივლისს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე შედგა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

იხილეთ ასევე: პრეზიდენტმა გერმანიაში შეხვედრა პროტესტის ფონზე გამართა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S