
"პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში იმყოფებიან: "განიხილება აფხაზეთსა და ცხინვალში ერთობლივი ვიზიტი"
15/07/2019 10:48:59 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
“პატრიოტთა ალიანსის” წევრები გიორგი ლომია, ადა მარშანია და გოჩა თევდორაძე მოსკოვში იმყოფებიან და მზადა არიან რუს დეპუტატებთან დიალოგის დასაწყებად,- ამის შესახებ რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” იუწყება.
როგორც გამოცემა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ლეონიდ კალაშნიკოვზე დაყრდნობით წერს, "შეხვედრაზე განიხილება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფერობთან დაკავშირებული საკითხები".
ამასთან, რუსული მხარის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში ერთობლივი ვიზიტიც, თუმცა ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები რომელი მხრიდან შევლენ აღნიშნულ რეგიონებში – რუსეთის თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადის. მოგეხსენებად, საქართველოში მოქმედებს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უნდა შევიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედება სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრების მოსკოვში ვიზიტის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მაშინ პარტიაში განიმარტა, რომ ვიზიტი პარტიულია და ფინანსდება პარტიის ბიუჯეტიდან.