ტაქსიში მოწევა შესაძლოა, აიკრძალოს
16/04/2021 06:44:39 საზოგადოება
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში ტაქსებში მოწევის აკრძალვის ინიციატივაზეა საუბარი: შესაძლოა, ტაქსიში მოწევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდეს და ჯარიმას დაექვემდებაროს. ინიციატივას ჯერ მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს. პარლამენტის დადგენილებაში წერია ისიც, რომ ტაქსებში მოწევის აკრძალვასთან ერთად უნდა, აიკრძალოს მცირეწლოვანთან თანდასწრებით კერძო ავტომობილებში თამბაქოს მოხმარებაც:
"გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს".
ამ ეტაპზე უცნობია, როდის გეგმავს მმართველი გუნდი მისი კანონპროექტის სახით ინიცირებას, თუმცა პარლამენტის 13 აპრილის დადგენილებით ირკვევა, რომ რეფორმით დადგენილ ნორმებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - 86% მხარს უჭერს.
ცნობისთვის: საქართველოში 2018 წლიდან თამბაქოს მოხმარება ყველა საჯარო შენობა-ნაგებობსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აიკრძალა.


