Accentnews.ge
400 ვაკანსია – ახალი შესაძლებლობა სამუშაოს მაძიებლებისთვის

400 ვაკანსია – ახალი შესაძლებლობა სამუშაოს მაძიებლებისთვის

15/04/2021 15:17:17 საზოგადოება

16 აპრილს ბათუმში, პიაცას მოედანზე დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მასპინძლობს და ერთის მხრივ, სამუშაოს მაძიებლებს აძლევს შესაძლებლობას, მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი –სასურველი ადამიანური რესურსი.

როგორც „აქცენტთან“ სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური ამბობს, ფორუმში 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი 400-მდე აქტიური ვაკანსიით მიიღებს მონაწილეობას. სამუშაო ადგილები ძირითადად სასტუმრო ინდუსტრიის სფეროდანაა. საუბარია მსხვილ სასტუმროებზე, მათ შორის, „ოაზისზე“, „შერატონზე“, „ჰილტონზე“.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართება და როგორც ველთაური გვპირდება, დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული უსაფრთხოების ყველა ნორმა. მონაწილეთა რეგისტრაცია 11:30–ზე დაიწყება, თავად ღონისძიება კი 16:00 საათამდე გასტანს. სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად სასურველია, სამუშაოს მაძიებლებმა თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„ფორუმზე გურიის და აჭარის რეგიონებიდან არიან წარმოდგენილი დამსაქმებლები, ამიტომ, შეტყობინებები ჩვენს ბაზაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებთან გურიის რეგიონშიც დავაგზავნეთ“,– ამბობს ველთაური.

აჭარის და გურიის რეგიონში მცხოვრებ შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით წინასწარ გაეგზავნათ, თუმცა ფორუმზე მისვლისა და ვაკანსიების გაცნობის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს, ამისთვის ხსენებულ სისტემაში რეგისტრირება აუცილებელი პირობა არ გახლავთ:

„გვაქვს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, სადაც დარეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლები. ჩვენ ვახდენთ მათ პროფილირებას და შეფასებას განათლების, გამოცდილების მიხედვით და იმის გათვალისწინებითაც, თუ რომელ სფეროში სურთ დასაქმება. ამდენად, როდესაც სააგენტოში ვაკანსია შემოდის, შეტყობინებებს შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით ვგზავნით სამუშაოს მაძიებლებთან. ამ შემთხვევაშიც ვცდილობთ, მაქსიმალურად მისადაგებულ აუდიტორიას გავუგზავნოთ შეტყობინებები ვაკანსიების შესახებ. თავად ფორუმს აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაწილეობით ვახორციელებთ, მათაც აქვთ სამუშაოს მაძიებლების ბაზა, თუმცა ჩვენს ბაზაში დარეგისტრირება ამ შემთხვევაში არაა აუცილებელი პირობა – ფორუმზე მოსვლის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს. გვსურს, მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რათა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეს კარგი შესაძლებლობა. მოვიდნენ, დაინტერესდნენ ვაკანსიებით და თუ ორივე მხარის თანხმობა იქნება, დასაქმდნენ წარმატებით“.

ფორუმზე გამოცხადებული სამუშაოს მაძიებლები ადილზე გაეცნობიან ვაკანსიებს, სამუშაო პირობებს, ანაზღაურებას, გაესაუბრებიან დამსაქმებლებს, დატოვებენ საკონტაქტო მონაცემებს, რათა შემდეგ უშუალოდ დამსაქმებელთან შედგეს გასაუბრება.

„დიდ იმეტს ვიტოვებთ, რომ სამუშაოს მაძიებლების მხრიდან დაინტერესება მაღალი იქნება და გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას“,– დასძენს ველთაური.

დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელია, მიიოთ https://www.facebook.com/worknet.gov.ge –ზე ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S