Accentnews.ge
ქალთა მოძრაობა რუსთაველის თეატრს და თეა წულუკიანს მიმართავს

ქალთა მოძრაობა რუსთაველის თეატრს და თეა წულუკიანს მიმართავს

15/04/2021 13:31:37 საზოგადოება

ქალთა მოძრაობა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს და სამართალდამცავ ორგანოებს ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

როგორც ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დასაფასებელი და მაგალითის მიმცემია ნინუცა მაყაშვილის გადაწყვეტილება, ხმამაღლა ესაუბრა ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე.

"ქალთა მოძრაობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს ნინუცა მაყაშვილს! იმედი გვაქვს, საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანი იქნება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და მისი ყოველგვარი გამართლება მკაცრად იქნება დაგმობილი", - ნათქვამია განცხადებაში.

ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ ნინუცა მაყაშვილის საქმე ქართული თეატრალური საზოგადოებისთვის გამოცდაა და მნიშვნელოვანია ყველა ის განცხადება, სადაც კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ ძალადობის მსხვერპლ ქალს.

მოძრაობისთვის მიუღებელია რობერ სტურუას გამოხმაურება მომხდართან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ვალდებულია, ითვალისწინებდეს სახელმწიფო ხედვას და ღირებულებებს გენდერულ საკითხთან მიმართებაში.

ამასთან, მოძრაობა ბესო ზანგურის პროფესიული საქმიანობიდან ჩამოშორებას მოითხოვს:

"ჩვენთვის მიუღებელია ოჯახში ძალადობის საშიშ დანაშაულში მხილებული პირი, ბესო ზანგური, რომელსაც არც პასუხი უგია და არც რაიმე სინანული გამოუთქვამს, იდგეს რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე და ისევე აგრძელებდეს კარიერას, თითქოს არაფერი მომხდარა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ბესო ზანგური ჩამოშორდეს მის პროფესიულ საქმიანობას თეატრში, სანამ საქმეზე არ დასრულდება გამოძიება".

ქალთა მოძრაობა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მოუწოდებს გამოეხმაუროს ნინუცა მაყაშვილის განცახდებას და ასევე, ჰქონდეს შეფასება რობერტ სტურუას პოზიციაზე:

"ქალთა მოძრაობა მოუწოდებს კულტურის მინისტრს გამოეხმაუროს მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან განხორციელებული ძალადობის თაობაზე, ასევე, შეფასება მისცეს რუსთაველის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელის სტერეოტიპულ, დამამცირებელ და საშიშ პოზიციას ქალთა მიმართ ძალადობის უმწვავეს პრობლემაზე, ისევე როგორც მის მიზოგინიურ დამოკიდებულებას სამუშაო სივრცეში. დამატებით, მოვუწოდებთ კულტურის მინისტრს იზრუნოს მის დაქვემდებარებაში მყოფ სფეროებში ანტიდისკრიმინაციული და ანტი-ძალადობრივი პოლიტიკის და შესაბამისი მექანიზმების შექმნაზე".

განცახდებაში ასევე აღნიშნულია, რომ რობერტ სტურუას პოზიციაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს სახალხო დამცველსაც:

"მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ინსტიტუციას, რეაგირება მოახდინოს რუსთაველის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და მრავლობით დამამცირებელ განცხადებაზე, რასაც ადგილი აქვს ქალების მიმართ, მათ შორის უშუალოდ სამუშაო გარემოში.ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ აღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტი. ოჯახში ძალადობის არც ერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი".

ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს ბესო ზანგურს, რომელიც რუსთაველის თეატრის მსახიობია, ძალადობაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S