
შს მინისტრის მოადგილე: “აქციის დაშლისას მშვიდობიანი მომიტინგე ძირითადად, არ დაშავებულა”
15/07/2019 09:17:50 ციტატა
“მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა ასეთი რამ ხდება, ვინმე დაშავდება კიდეც. მასაში ვერ გაარჩევ, ვინ არის მოძალადე და ვინ მშვიდობიანი მომიტინგე. წესით, იმ ღამეს იქ მშვიდობიანი მომიტინგის ადგილი აღარ იყო, რადგან ჩვენ განვაცხადეთ, რომ იწყებოდა კანონისმიერი ზომების მიღება... რაც შეეხება ჟურნალისტებს, კი, დაშავდნენ, მაგრამ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა”.
ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანიემ "კვირის პალისტრისთვს" მიცემულ ინტერვიუში 20–21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.