„ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე ფრენებს 18 აპრილიდან ანახლებს
15/04/2021 12:53:32 ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანია „ვიზეარს“ შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. 18 აპრილს „ვიზეარი“ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას დაიწყებს. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით კი სამომავლოდ სიხშირის ზრდა იგეგმება.
მაისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისიდან რეგულარული ფრენების განახლებას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს, ხოლო ივნისიდან, არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლია.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ლიეტუვის სახელმწიფოში შესვლისას, იმ პირობების გარდა, რასაც ქვეყნის მთავრობა ითხოვს, გამგზავრებამდე აუცილებლად შევსებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური PLF ფორმა ვებ–გვერდზე. პოლონეთის მთავრობა მგზავრებისთვის წინასწარი რეგისტრაციის შესავსებ სპეციალურ ფორმას არ ითხოვს.


