როდის უნდა აიცრას კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით ადამიანი, თუ მას კორონავირუსი პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაუდასტურდა
15/04/2021 11:54:23 საზოგადოება
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ თუ ადამიანი კორონავირუსით დაავადდება, იგი მეორე დოზის გაკეთებას გამოჯანმრთელებიდან ოთხი თვის შემდეგ შეძლებს.
"პირველ და მეორე დოზის გაკეთებას შორის დაინფიცირება დასაშვებია. პირველი დოზა გარკვეულ დაცვას იძლევა. პირველი დოზის შემდეგ რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს, ეს პერიოდი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ვაქცინა გაქვთ გამოყენებული. გამოყენებული თუ გაქვთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ორი-სამი კვირა უნდა გავიდეს, რათა თქვენს ორგანიზმში დაიწყოს ანტისხეულების გამომუშავება და კორონავირუსის წინააღმდეგ გარკვეული დაცვა გქონდეთ. შუალედი „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის არის 8-12 კვირა. დაცვის პროცენტი რეალურად არსებობს, „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაახლოებით 60-65 პროცენტია, განმეორებითი ვაქცინაციის შემდეგ მატულობს 86 პროცენტამდე.
„ფაიზერის“ ან ჩინური ვაქცინის შემთხვევაში ორგანიზმი ორ-სამ კვირაში ანტისხეულების გამომუშავებას ვერ ასწრებს. ასე რომ, პირველი დოზის შემდეგ, უფრო „ფაიზერის“ შემთხვევაში შანსი იმის, რომ თქვენ მოკლე პერიოდის განმავლობაში დაუცველი იყოთ, რა თქმა უნდა, არსებობს. ასეთი შანსი ჩინური ვაქცინის შემთხვევაშიც არსებობს. დაინფიცირების შემთხვევაში იძულებული ხართ, ჩაამთავროთ ამ ავადობის კურსი, გადაიტანოთ კორონავირუსი და 4 თვის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიკეთოთ ვაქცინა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


