Accentnews.ge
"სადმე არის კითხვები, რომ პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა?! რა თქმა უნდა, არა"

"სადმე არის კითხვები, რომ პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა?! რა თქმა უნდა, არა"

15/07/2019 08:51:17 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, არავის გაუვა, წარმოაჩინოს, რომ პარლამენტზე შტურვი პატრიოტიზმის გამოვლინებაა. 

"ნაციონალურ მოძრაობას სურს, საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად - პარლამენტის შტურმი თურმე პატრიოტიზმის გამოვლინებაა და კონსტიტუციის და ინსტიტუტების დაცვა - ბოროტება, ეს არავის გამოუვა. სამართლებრივ სახელმწიფოში მსგავსი ქმედებები, რაც 20-21 ივნისს საზოგადოებამ იხილა, დაუშვებელია და მას სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიციელი იძულებული იყო, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ეს არის 20 ივნისის მოვლენების შეფასება. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს დაშავებულები და იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა სამართალდამცავმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და გამოიყენა ზედმეტი ძალა. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რათა მოხდეს თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება არ გამოიყენა ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვდა და შედეგად სამწუხაროდ, გვყავს დაზარალებულები - ჩვენი ახალგაზრდები და პოლიციელები. ამ ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი შეფასებები. არავინ დარჩება დაუსჯელი და ის პროცესი, რომელიც 21 ივნისიდან მიმდინარეობს, ამის ნათელი დემონსტრირებაა. ისევე, როგორც პასუხისმგებლობა არ ასცდებათ იმ ე.წ პოლიტიკოსებს, უპასუხისმგებლო ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი თავიანთი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოიყენეს.

სადმე არის კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა?! რა თქმა უნდა, არა. ძალიან მძიმეა და მტკივნეულია, რომ დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და სოლიდარული ვარ ამ ნაწილში. ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება ყველა იმ შემთხვევას, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გადაცდომას”,– განაცხადა ბახტაძემ. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S