სასამართლომ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა
15/04/2021 09:51:05 სამართალი
სასამართლომ ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.
როგორც დაზარალებულის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებისგან მომდინარე საფრთხეები კვლავ ძალაში რჩებოდა და ამიტომ, მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრათ.
„სასამართლომ მიიჩნია, რომ საფრთხეები რჩებოდა ძალაში და სამივე ბრალდებულის მიმართ გამოეყენებინა პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება. გვქონდა საშუალება, გავცნობოდით საქმის მასალებს და არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც თანხვედრაში არის დაზარალებულის პოზიციებთან, გაცხადებული მის საჯარო განცხადებებში.
ეს არაა მხოლოდ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმე. მნიშვნელოვანი საქმეა მედიის თავისუფლების მიმართ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი წახალისებულია მედიაზე თავდასხმის კუთხით. საქმეზე უნდა გამოვიდეს სწორი გადაწყვეტილება - ესაა ჩვენი პოზიცია", - აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.
ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც.
ვახო სანაია დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.


