
საფრანგეთი – ევროპამ ირანის ბირთვული შეთანხმება უნდა შეინარჩუნოს
15/07/2019 08:42:33 სხვა, მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, ევროპამ ირანის ბირთვული შეთანხმება უნდა შეინარჩუნოს.
ამასთან, დრიანის თქმით, თეირანმა უკან უნდა წაიღოს გადაწყვეტილება შეთანხმების გარკვეული პუნქტების არშესრულების შესახებ.
„ევროპელებს ბირთვული შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია უნდა გააჩნდეთ. რაც შეეხება ირანის გადაწყვეტილებას, გარიგების გარკვეული პუნქტების არშესრულების შესახებ, ეს ძალიან ცუდი ნაბიჯია, რომელზეც თეირანმა უარი უნდა თქვას“, – განაცხადა დრიანმა.
ცნობისთვის: 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა (აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა) და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა და დამატებით 1000 ჯარისკაცი გაგზავნა.
ირანის პრეზიდენტმა ევროპას არაერთხელ უსაყვედურა, რომ აშშ–ის ქმედებებზე რეაქცია არ აქვთ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ, ვერ დაინახა ევროპის მიერ მიღებული სერიოზული ზომები. 3 ივლისს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ 7 ივლისის შემდეგ ირანი ურანს იმ რაოდენობით გაამდიდრებს, რა რაოდენობაც მოესურვება.