"რიონის ხეობის მცველები" პროტესტს გუმათში გააგრძელებენ: "თუ ხელისუფლების მხრიდან პროცესები ადეკვატურად არ იქნება აღქმული, დავიძრებით დედაქალაქისკენაც"
15/04/2021 05:45:07 საზოგადოება
"რიონის ხეობის მცველები" ქუთაისიდან გუმათის დასახლებისკენ მსვლელობას იწყებენ. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ღამე ქუთაისში ღია ცის ქვეშ გაათენეს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, საპროტესტო დემონსტრაციები ყველა ქალაქსა და რეგიონში დაიწყება, მოაწყობენ პიკეტს და გადაკეტავენ ავტობანს. რიონის ხეობის მცველები აქციებს აანონსებენ თბილისშიც.
"დაორგანიზების გარეშე ადამიანები ახერხებენ, რომ შეიკრიბონ ორგანიზაციული სახე აჩვენონ და ამდენი ადამიანო მოვიდეს დაორგანიზებულ აქციაზე, მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესების მიმართ სხვა შეფასებაა ხელისუფლების მხრიდანაც საჭირო. თუ ეს ადეკვატურად არ იქნება აღქმული, მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რომ გამოვიდნენ თავთავიანთ ქალაქებში, რეგიონებშიც, მათ შორის ავტობანზეც და ყველგან მოხდეს პიკეტირება და საბოლოო ჯამში, თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველანი ერთად დავიძრებით დედაქალაქში და იქნება პერმანენტული აქციები, ვიდრე შედეგს არ მივაღწევთ",- აცხადებს ვარლამ გოლეთიანმა.
"რიონის ხეობის მცველები" უკვე რამდენიმე თვეა, ნამახვანჰესის აშენებას აპროტესტებენ. აქციამ ქუთაისში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც პოლიციამ დემონსტრანტებს ნამახვანის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება შეუზღუდა. გუშინ პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ჯებირები აღმართა. ბოლო პერიოდში სოფელ გუმათში სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.


