"ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა, გავათენოთ ღამე ქუთაისში და მოვაწყოთ პიკეტირება"
14/04/2021 13:36:32 საზოგადოება
„რიონის ხეობის მცველების“ ლიდერის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დემონსტრანტები აპირებენ, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ ცენტრალური მოედნის პიკეტირება მოახდინონ და ღამე იქ გაათიონ.
"თუ იქნება თქვენი ნება სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ და გვქონდეს პიკეტირებული მოედანი. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველაგან გამოვიდეთ", – მიმართა აქციის მონაწილეებს ლიპარტელიანმა.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ხალხის ხმას, სხვადასხვა ქალაქების ბლოკირება გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები.
რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია"ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
ცნობისთვის: აქტივისტებს ნამახვანში შესვლის უფლებას რამდენიმე დღეა, არ აძლევენ. 14 აპრილს პოლიციამ რიონის ხეობაში, „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აღმართა.


