თამთა ინაშვილი: "აღარ ვაპირებ ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომას"
13/04/2021 20:04:40 საზოგადოება
რუსთველის თეატრის მსახიობმა თამთა ინაშვილმა კოლეგას, ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ არ აპირებს ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომას - ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ზანგური მას სისტემატურად სცემდა, მათ შორის ორსულობის დროსაც.
"სოლიდარობა ჩემს ერთგულ, ნამდვილ, მართალ მეგობარს, ნინუცა მაყაშვილს. მე შენ გვერდით ვარ! ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას. ”სადღაც ცისარტყელას მიღმა” - ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური.პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ მასთან ერთად სცენაზე დგომას". - წერს თამთა ინაშვილი.
ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, ყოფილი ქმრისგან ძალადობის ამბავს ახლა ყვება იმიტომ, რომ აღარ ეშინია და უნდა, ძალადობის მსხვერპლ სხვა ქალებს მაგალითი მისცეს.
რუსთველის თეატრმა, რომლის დასშიც ზანგური ირიცხება, განაცხადა, რომ ძალადობას გმობს, მაგრამ მსახიობის გათავისუფლებას არ აპირებს.
ბესო ზანგურს მხარდაჭერა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამაც გამოუცხადა და თქვა, რომ "ქალებმა დაიწყეს 1937 წლის რეპრესიები".


