
რა საკითხებზე იმსჯელეს ზალკალიანმა და აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა
13/04/2021 18:47:14 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც ზალკალიანი ამბობს, საუბარი სეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციას.
„აღნიშნული მაღალი დონის კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, ადასტურებს საქართველო - ამერიკას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის როლს.
აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის". - განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს სატელეფონო საუბარი გაიმართა ბრიუსელიდან, სადაც სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იმყოფება ვიზიტით და მართავს შეხვედრას ნატო–ს ხელმძღვანელობასთან, ასევე ევროპელ პარტნიორებთან.
"ჩვენი ამერიკელი და ნატოელი პარტნიორები აფასებენ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა საქართველო ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკვანძო საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა, ამერიკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესში.
ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატო–ში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული პროგრესი ითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ალიანსის მხრიდან“, - აცხადებს ზალკალიანი.
მინისტრი ამბობს, რომ საუბარი უკრაინაში შექმნილი ვითარებასაც შეეხო:
"საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას დეესკალაციის მიმართულებით.
ბუნებრივია, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, რასაც ემატება გლობალური პანდემია და მისი თანმდევი ეკონომიკური სირთულეები, მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით სტაბილურობა, დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ ძალისხმევის მიმართვა, შესაბამისი რეფორმების გაგრძელება, რაშიც დიდია ამერიკის შეერთებული შტატების როლი. ასევე, არსებული პოლიტიკური პროცესების დეესკალაცია და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ სრული ძალისხმევა მიმართული იყოს არსებული გამოწვევების დაძლევისკენ.
შევთანხმდით მაღალი დონის კომუნიკაციასა და კავშირების გააქტიურებაზე, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული დღის წესრიგი“.