
გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ვაშინგტონსა და თეირანს მიმართავენ
15/07/2019 05:50:37 სხვა, მსოფლიო
გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ვაშინგტონსა და თეირანს ბირთვული შეთანხმების გარშემო ესკალაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ.
სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს მათი ქმედებების შესაძლო შედეგები.
წერილში ხაზგასმულია, რომ შეთანხმების არსებობა დამოკიდებულია ირანის მიერ აღებული ვალდებულებების უპირობო შესრულებაზე.
თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა მოლაპარაკებებისთვის შეერთებულ შტატებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს გააუქმებს.
ცნობისთვის: 3 ივლისს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ 7 ივლისის შემდეგ ირანი ურანს იმ რაოდენობით გაამდიდრებს, რა რაოდენობაც მოესურვება. ირანსა და აშშ–ის შორის ურთიერთობები უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმება დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი, სტრატეგიული ბომბდამშენები და დამატებით 1000 ჯარისკაცი განათავსა.