Accentnews.ge
"უკრაინის მხარდაჭერის გამო პირველი სადამსჯელო ნაბიჯი"  – რუსეთი თურქეთთან ფრენებს აჩერებს

"უკრაინის მხარდაჭერის გამო პირველი სადამსჯელო ნაბიჯი"  – რუსეთი თურქეთთან ფრენებს აჩერებს

12/04/2021 17:00:10 მსოფლიო

რუსეთი თურქეთთან როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ ფრენებს აჩერებს.

"აკრძალვა ძალაში 15 აპრილიდან შევა და 1 ივნისამდე იმოქმედებს. ფრენები იმ შემთხვევაში განახლდება, თუ პანდემიის დაძლევის კუთხით პოზიტიური შედეგები დადგება. ტურისტულ სააგენტოებს ვურჩიეთ, შეწყვიტონ ტურების გაყიდვები თურქეთში და აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა – ტანზანიაში, სადაც ასევე შევაჩერეთ ფრენები", – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ.

მისივე თქმით, თურქეთთან დაკავშირებით დაშვებული იქნება გამონაკლისი:

"კერძოდ, მოსკოვი –სტამბოლი–მოსკოვი მიმართულებით კვირაში 2 ფრენა განხორციელდება. ამასთან, ფრენებზე პრობლემა არ შეექმნებათ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთის პროვინცია მერსინში აკკუიუს ბირთვული ელექტროსადგურის პროექტზე მუშაობენ".

"რუსეთის ხელისუფლება ყურადღებით დააკვირდება COVID-19– ის სიტუაციას როგორც თურქეთში, ისე ტანზანიაში და საჭირო ნაბიჯებს ამის შესაბამისად გადადგამს", დასძინა მან.

"უკრაინის მხარდაჭერის გამო პირველი სადამსჯელო ნაბიჯი"

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ ბატიაშვილმა მოსკოვის გადაწყვეტილება "უკრაინის მხარდაჭერის გამო თურქეთის სადამსჯელო ნაბიჯად" შეაფასა.

"დღეს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადავიდა. რუსეთის უკმაყოფილება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2 დღის წინ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ თურქეთში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ. როგორც ჩანს, მოსკოვში საკმაოდ დეტალური ინფორმაცია აქვთ, რა სახის სამხედრო დახმარებას ჰპირდება ანკარა კიევს. დღეს დილით ლავროვმა მკაცრად გააფრთხილა თურქეთი უკრაინის დახმარების გამო. საღამოს კი პირველი “სადამსჯელო” ნაბიჯიც გადადგა - მოსკოვი 15 აპრილიდან აჩერებს ყველა სახის ფრენებს (როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ რეისებს) თურქეთის მიმართულებით. ცხადია, ის ამით ურტყამს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ თურქეთის ეკონომიკას, უფრო კონკრეტულად კი მის ტურიზმის სექტორს", – აცხადებს ბატიაშვილი.

მისივე შეფასებით, კრემლის საპასუხოდ, თურქეთსაც შეუძლია საინტერესო “სიურპრიზები” შესთავაზოს რუსეთს არაერთი მიმართულებით: იქნება ეს უკრაინა, შავი ზღვა, სირია, ლიბია თუ კავკასია.

"ბოლო დროს თურქეთში დაწყებული საუბრები "მონტროს კონვენციის" შესაძლო გადახედვაზეც ამ ბრძოლის მხოლოდ ერთი ნაწილია", დასძინა მან.

ვაშინგტონის პოზიცია თურქულ–რუსულ დაპირისპირებაში

ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რა პოზიციას დაიკავებს ვაშინგტონი ამ დაპირისპირებაში:

"უფრო კონკრეტულად კი რამდენად შეძლებს ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია (თუნდაც დროებით) უკანა პლანზე გადაწიოს ერდოღანით უკმაყოფილება და მხარი დაიჭიროს მას რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულ დაპირისპირებაში. უახლოეს ხანში უფრო ნათელი სურათი გამოიკვეთება და გამოჩნდება ამჯერად რითი უპასუხებს თურქეთი რუსეთს. არადა, ის ნამდვილად უპასუხებს".

ცნობისთვის: უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დონეცკის ოლქში კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ და შედეგად უკვე რამდენიმე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

კრემლი დონბასში რუსული ძალების შეყვანის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ "რუსეთი საკუთარი შეხედულებისამებრ გადააადგილებს ჯარს საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხებათ".

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ბაიდენმა იგი დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".

იხილეთ ასევე: რას შეცვლის საქართველოსთვის „მონტროს კონვენციის“ გადახედვა?

რა ელის რუსეთს უკრაინასთან ომის შემთხვევაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S