მომიტინგეები "ენკას" ოფისიდან კვლავ რიონის ხეობაში ბრუნდებიან
12/04/2021 13:24:47 საზოგადოება
მომიტინგეები, რომლებმაც კომპანია „ენკას“ ერთ-ერთ ოფისთან აქცია გამართეს, კვლავ რიონის ხეობაში ბრუნდებიან.
ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციამ, შესაძლოა, მათ პროვოკატორი მიუგზავნოს, რათა მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდეს, რასაც შემდგომ, მათი ვარაუდით, მომიტინგეების განეიტრალება მოჰყვება.
"არ აჰყვეთ პროვოკაციებს. თუ ნახავთ, რომ ვინმე შემოაგზავნეს, მაქსიმალურად თავი გააკონტროლეთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მთელი დღეა, ცდილობენ პროვოკაციას. ყველას ფორმა არ აცვია, ერთმანეთში იჩხუბეს, რომ შექმნან ფონი, თითქოს ვიღაცა ეჩხუბა და ვითარება დაძაბულიყო", - აცხადებს აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. რიონის ხეობის მცველებს სურდათ ჰესის მიმართულებით გადასვლა, თუმცა ადგილზე მყოფმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ მომიტინგეებმა აქცია ენკას ერთ–ერთ ოფისთან გამართეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება არ დაუშვებს, რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს.


