"მოქმედებს ლარის მცურავი გაცვლითი კურსი, მასზე რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია"
12/04/2021 13:00:04 ეკონომიკა
"მოქმედებს ლარის მცურავი გაცვლითი კურსი, მასზე რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია", – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
“რაც შეეხება ინფლაციას, მოგეხსენებათ, არამხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო იმყოფება კოვიდპანდემიის გავლენის ქვეშ. რაც მოქმედებს საქართველოში ლარის გაცვლით კურსზე ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც ჩვენ დავკარგეთ ტურიზმის შემოსავლებიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელსაც გვქონდა ტურიზმის სექტორიდან შოკი (რუსეთის მხრიდან) ფრენების აკრძალვის გამო, რამაც გაცვლით კურსზე იმოქმედა. არ დაგვავიწყდეს, რომ მარტში ჩვენ მთავარ სავაჭრო პარტნიორში (თურქეთში) მოხდა გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება, რაც ლარის კურსზე გავლენას ახდენს. ეროვნული ბანკი მიიღებს ყველა ზომას იმასთან დაკავშირებით, რათა მაღალი არ იყოს ფასების ზრდა, მაგრამ თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებს, თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება ფასების ზრდა. საქართველოში არის მაღალი დოლარიზაცია და კურსის ეს გაუფასურება უკვე გადაცემული არის ფასებზე. თვის ბოლოს გვექნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,” - განაცხადა გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.4232 ლარი ეღირება, ევრო – 4.0798 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.7114 ლარი.


