"თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები და არ მივყევით რეკომენდაციებს, შეიძლება, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება"
12/04/2021 10:38:51 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ის ინდიკატორი, რაც განსაზღვრავს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, გაუარესებულია.
„ბოლო კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევა. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია რთულდება. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც, პირდაპირ გეტყვით, მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები და არ მივყევით რეკომენდაციებს, შეიძლება, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო:
„ეპიდსიტუაცია მსოფლიოში, ევროპაში, ჩვენთან, თანდათან რთულდება. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაწყებულია. რეალურად, ჩვენთანაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო“.


