
"ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, ენმ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს"
14/07/2019 13:12:37 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს, – ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ავრცელებს.
ბოკერია ამ თემას მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ მელიას განცხადებას პოლიტიკურად უპასუხისმგებლო უწოდა, რის შემდეგაც ენმ-ს ლიდერმა გიორგი ბარამიძემ მოითხოვა დაეფიქსირებინათ ეს ოთო კახიძის პირადი განცხადება იყო, თუ “ევროპული საქართველოს”.
“მსურს გამოვეხმაურო ოთო კახიძის მოსაზრებებს 20 ივნისის ღამის შესახებ, რომელიც სოფო ვერძეულის დასკვნის გამოქვეყნებას მოყვა. ვთვლი, რომ ოთომ ზუსტად დასვა ყველა აქცენტი.
1. კრიზისის განსამუხტად იმ დღესვე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე.
2. პარლამენტში შეჭრის აღსაკვეთად, სპეცრაზმის მომიტინგეების პირისპირ, პარლამენტს გარეთ დაყენება გაუგებარი და გაუმართლებელია. სპეცრაზმი უნდა მდგარიყო ალაყაფს შიგნით და დაეკავებინათ ყველა, ვინც შეჭრას შეეცდებოდა.
3. რა თქმა უნდა მომიტინგეები უნდა გაეფრთხილებინათ მკაფიოდ და გარკვევით ადგილზე, თუ ძალადობრივად შლიდნენ აქციას.
4. პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება, ათიათას კაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად.
5. ის, რომ გამოყენებული ძალა დანაშაულებრივად დისპროპორციული იყო, ამაზე სრული კონსენსუსია.
რაც შეეხება ბატონ მელიას, მიმაჩნია, რომ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ, რიგში გახარიას ეკისრება.
მაგრამ ამავდროულად, მთლიანად ვიზიარებ ოთოს პოზიციას, რომ მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო. ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე ივანიშვილის უადვილებს პროპაგანდას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ამას ენმ ან უნდა შეეგუოს, ან დისკუსია აწარმოოს:
“ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობა ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს. ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია. ჩვენი საზოგადოების მთავარი სამიზნე არის ივანიშვილის ხელისუფლება, მინისტრი გახარია უნდა გადადგეს არჩევნებამდე, ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად, კი უნდა დავამარცხოთ შემდეგ პროპორციულ არჩევნებში”, – აცხადებს ბოკერია.
ოთო კახიძე 13 ივნისს გამოეხმაურა EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრ სოფო ვერძეული შეფასებებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქცია დაახლოებით 22:00 საათიდან გახდა ძალადობრივი და პოლიტიკოსების ნაწილის როლი იყო სამარცხვინო.
ოთო კახიძემ ნიკა მელიაზე განაცხადა: “ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში “მშვიდობიანად შესვლის” თაობაზე”.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.