"თუ რუსეთი უკრაინის მიმართ უგუნურად და აგრესიულად მოიქცევა, ამას შედეგები მოჰყვება"
12/04/2021 05:56:48 მსოფლიო
აშშ-მა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინის მიმართ აგრესიას შედეგები მოჰყვება.
"პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა პოზიცია – თუ რუსეთი უკრაინის მიმართ უგუნურად და აგრესიულად მოიქცევა, ამას შედეგები მოჰყვება. კრემლის ამისათვის ფასს გადაიხდის", – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ცნობისთვის: უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დონეცკის ოლქში კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ და შედეგად უკვე რამდენიმე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
კრემლი დონბასში რუსული ძალების შეყვანის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ "რუსეთი საკუთარი შეხედულებისამებრ გადააადგილებს ჯარს საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხებათ".
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ბაიდენმა იგი დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".
იხილეთ ასევე: რა ელის რუსეთს უკრაინასთან ომის შემთხვევაში


