განათლების სამინისტრო - სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია
11/04/2021 07:15:40 საზოგადოება
განათლების სამინისტროს განცხადებით, გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია, თუმცა შიდა გავრცელება კვლავ არ ფიქსირდება.
მისი ცნობით, ინფორმაციით, იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები ფიქსირდება, პროტოკოლის შესაბამისად, მყისიერად ხდება შენობის სრული დეზინფექცია.
„გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია, თუმცა შიდა გავრცელება კვლავ არ ფიქსირდება. კერძოდ, 5-დან 10 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,4%-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება.
ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 98 პედაგოგი იმყოფება. ამ ეტაპზეც ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. ვურისის გამოვლენის შემთხვევაში სკოლები როგორც წესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით იმოქმედებენ“ , - ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება, ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.


