Accentnews.ge
 რა მოხდა 20–21 ივნისის ღამეს – შსს–ს ვერსია

რა მოხდა 20–21 ივნისის ღამეს – შსს–ს ვერსია

13/07/2019 20:09:54 სხვა, სამართალი

შს მინისტრის შემდეგ 20–21 ივნისის ღამეზე ვრცლად ისაუბრა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა და ყურადღება აქციის ხასიათზე, მოვლენათა განვითარებაზე, გამოყენებულ სპეცაღჭურვილობაზე გაამახვილა.


"რეალურად, 20 ივნისის ღამეს პროტესტი დაიწყო მშვიდობიანად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოქალაქეებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით ესარგებლათ. პოლიციამ მათ ამისი სრული შესაძლებლობა მისცა, ჩვენი დანაყოფები ადგილზე იმყოფებოდნენ და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, თუმცა სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან მოწოდებების, პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებებს ვგულისხმობ, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ამას შედეგად მოჰყვა ძალადობა. ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ძალადობას, ეს ყველაფერი ორგანიზებულ სახეს ატარებდა, საკმაოდ მასიური და მასშტაბური იყო და ამ ყველაფერმა შეიძინა ძალადობრივი ხასიათი. ბოლო დღეების განმავლობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ აზრთა სხვადასხვაობა. გარკვეული ადამიანები გვეუბნებიან, რომ აქცია თითქოს არ იყო ძალადობრივი და შეკრების შეწყვეტა, როდესაც პოლიციამ დაიწყო ეს ყველაფერი, არ იყო ლეგიტიმური. ცოტა არ იყოს, ამგვარი შეფასებები გასაკვირია, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ კონსტიტუციის და შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის ცოდნაზე. ბოლო დღეების განმავლობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ამოგლეჯილი, მათთვის სასურველი კონტექსტით და ინტერპრეტაციით, სოციალური ქსელის თუ სხვადასხვა მედიასაშუალებების გამოყენებით გვთავაზობენ ცალმხრივ მოსაზრებებს. როგორც კონსტიტუცია და შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი, ეს ამ ადამიანებმა კარგად იციან, შავით თეთრზე წერია ამ კანონებში, რომ შეკრება სანამ მშვიდობიანია, მშვიდობიანი შეკრების უფლებას იცავს ეს კანონები, როგორც კი შეკრება გახდება კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი და ეს შეკრება, რომ ძალადობრივი გახდა ეს ჩვენ ძალიან კარგად, სხვადასხვა მედიასაშუალებების გამოყენებით ვიხილეთ, ხელისუფლებას არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულია დაიწყოს შეკრების შეწყვეტა. მათ შორის შეკრების შეწყვეტის დროს გამოიყენოს პოლიციის შესახებ კანონით და სხვადასხვა ინსტრუქციით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, მათ შორის ისეთი სპეციალური საშუალებები, როგორიც გახლავთ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, ე.წ. "რეზინის ტყვიები", - განაცხადა მეზვრიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ 20–21 ივნისის ღამეს სამართალდამცველებმა მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობით დასაშვები სპეციალური საშუალებები გამოიყენეს: 

"სამწუხაროა, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებას მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება მოყვა. იყო ბევრი მითქმა-მოთქმა და ცალსახად უნდა ითქვას, იმ ღამეს პოლიციის მიერ გამოყენებული აბსოლურტურად ყველა სპეციალური საშუალება კანონმდებლობით გახლავთ დასაშვები, მათ შორის რეზინის ტყვიები [რაკეტისებრი], რომელსაც ზოგი დათვებზე სანადიროდ განკუთვნილ ტყვიებად მოიხსენიებს, ზოგი რაღაცა მყარი საგნების დასაზიანებლად და ა.შ., ბევრი შეფასება მოვისმინეთ. აბსოლუტურად ყველა ის რეზინის ტყვია, რომელის გამოყენებაც იმ ღამეს მოხდა, შსს-ს აღჭურვაში დიდი ხანია არსებობს და მისი გამოყენება კანონმდებლობით არის დასაშები".


რაც შეეხება "კონკრეტულ გადაცდომებს", მინისტრის მოადგილის შეფასებით, მსგავსი რამ შესაძლოა, სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების დარღვევას უკავშირდებოდეს, რის თაობაზეც გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს. 

"შეიძლება, ცოტა არასასიამოვნო, მორალურად მძიმეა იმისი თქმა, რასაც ვამბობ, მაგრამ ზოგადად, სპეციალური საუშალებების გამოყენებას,  ნებისმიერ ქვეყანაში, ყველამ კარგად ვიცით,  ევროპის ქვეყნებშიც მიმდინარეობს ასეთ ძალადობრივი აქციები, პოლიცია სპეციალურ საშუალებებს იყენებს, სამწუხაროდ, მოყვება ხოლმე მომიტინგეთა  ჯანმრთელობის დაზიანება.  სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ტყვიებს, აქვს თავისი გამოყენების წესი. მაგალითად, ტყვიები, რომელთა  გამოყენებაც მოხდა  - ცალსახად, არალეტალურად არის მიჩნეული და სამართალდაცვითი მიზნებისთვის არის განკუთვნილი მწარმოებლის მიერ -  ღია წყაროებშია ეს ინფორმაცია და შეუძლია ყველას იხილოს. თვითონ მწარმოებლის მიერ და ეფექტური სროლის მანძილი გახლავთ 10 მეტრი. რა თქმა უნდა, თუ ვინმემ გამოყენების წესი დაარღვია , ამ ტყვიების გამოყენების დროს, იქ შესაძლოა ვიმსჯელოთ კონკრეტულ დისციპლინურ ან სისხლისსამართლებრივ გადაცმოდმებზე. თუმცა, აპრიორი ჩვენ იმას ვერ ვტყვით ,რომ ამ ტყვიების გამოყენება ან არ შეიძლებოდა, ან კანონის დარღვევით მოხდა საერთო ჯამში, ან ამისი გამოყენების უფლება პოლიციას არ ჰქონდა. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი. კანონი ამას ითვალისწინებს.  თუ სადმე გამოყენების წესის დარღვევა მოხდა, ამაზე გამოძიება, კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოძიებას სამოხელეო დანაშაულის ჭრილში პროკურატურა აწარმოებს და პროკურატურამ ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.


ამასთან, მეზვრიშვილმა მიმდინარე გამოძიებაზე და გამოძიების ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა: 

"ეს ცოტა განსხვავებული სიტუაცია გახლავთ. აქ ალბათ ყველამ კარგად იხილა, რომ ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ მოწოდებებს და უბრალოდ ძალადობისკენ მოწოდებებს, რომელიც თუ რეალურ საფრთხეს ქმნის ძალადობის განხორციელებისას, სისხლის სამართლის წესით დასჯადია. სახეზე იყო უკვე რეალიზებული ძალადობა. ძალადობის შემდგარი ფაქტი. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ კონკრეტული მტკიცებულებები, გაჩნდა გამოძიების მიმდინარეობის დროს კვალიფიკაციის დამატების აუცილებლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ, აქ კვალიფიკაცია არ შეცვლილა. მიმდინარეობს როგორც 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, ისე 315-ე მუხლით, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. დაემატა კვალიფიკაცია. შესაბამის სამართლებრივი საფუძველი კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არსებობდა, ახლა გამოძიება გაგრძელდება ამ ორი მუხლით და აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება რომელსაც ამ საქმის ფარგლებში შს სამინისტრო და პროკურატურა მოიპოვებენ განიხილება და შეფასდება აი ამ ორიო კვალიფიკაციის ჭრილში, მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჭრილში. იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე დროში კონკრეტულ შედეგებს დავდებთ სამართალდამცავი ორგანოები და კონკრეტულ მტკიცებულებებს  მოვიპოვებთ, რაც უფრო მაღალი სტანდარტით მოგვცემს ამ კვალიფიკაციით კონკრეტული ქმედების ს ჩადენის  დადასტურების შესაძლებლობას. 

ჩვენ ვამბობთ, რომ აქცია თავიდან მშვიდობიანი იყო, შემდეგ ეს აქცია გახდა ძალადობრივი, ამას ვერსად გავექცევით. მე მესმის, რომ გარკვეული ადამიანები ცდილობენ, რომ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, მაგრამ იმისი არაღიარება, რომ აქცია ძალადობრივი იყო ისეთივე სირცხვილია, როგორც იმისი არაღიარება, რომ აქციის შეწყვეტის ღონისძიების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ცალკეულ ფაქტებს, რომელიც სათანადო გამოძიებას საჭიროებს. ამიტომ ორმაგი სტანდარტები აქ არ უნდა დავუშვათ. არც ჩვენ არ უნდა დავუშვათ და არც იმ ადამიანებმა, რომლებიც არ აღიარებენ უბრალოდ აქცია სადაც პოლიციელებს თავს ესხმოდნენ, კორდონიდან იტაცებდნენ, ფარებს სტაცებდნენ, პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სადაც რკინის კონსტრუქციებს პოლიციელებს ურტყამდნენ, კორდონიდან გატაცებულ პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამ ფონზე კიდევ აცხადებენ ადამიანები,რომ ძალადობრივი არ იყო", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

იხილეთ ასევე: "გავრილოვის ღამე": კითხვები, რომელიც პროკურატურამ უნდა დასვას და რა განასხვავებს 20 ივნისს 26 მაისისგან


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S