„ჩვენ გვებრძვის რუსი, გვზღუდავს საკუთარი მთავრობა და გვახრჩობს ენგური" – გალელმა ახალგაზრდებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს
09/04/2021 10:51:43 საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გალელმა ახალგაზრდებმა აქცია გამართეს. მათ ადგილზე პლაკატები მიიტანეს წარწერით: "ენგური საზღვარი არ არის", "ჩვენ ვარსებობთ", "საკუთარ ქვეყანაში გადაადგილება ჩვენი უფლებაა", "აფხაზეთში ჩემი ოჯახია", „ჩვენ გვებრძვის რუსი, გვზღუდავს საკუთარი მთავრობა და გვახრჩობს ენგური", " ვაზროვნებთ ქართულად, ვფიქრობთ ქართულად".
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5- დღიანი კარანტინი გაუქმდეს.
ცნობისთვის: 7 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან მაშველებმა მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ოკუპირებული გალის რაიონის 4 მცხოვრები მდინარე ენგურის გავლით ცდილობდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. საქართველოს მთავრობამ ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს და მის საოკუპაციო რეჟიმს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რეგიონის მცხოვრებთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას სპეციალური „საშვით“ აძლევს მხოლოდ ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. ე.წ. საზღვრის სხვა მონაკვეთები დაკეტილია.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც უკვე წლებია, პერიოდულად, მალულად ცდილობენ მდინარე ენგურის გავლით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.
7 აპრილს მომხდარი ტრაგედიის გამო 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.


