თბილისის რომელ ქუჩებზე ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1 მაისიდან
07/04/2021 08:00:14 საზოგადოება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1 მაისიდან ამოქმედდება.
„1 აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, რომლებიც განვათავსეთ იმისთვის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგოს ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირზე და ქავთარაძის ქუჩაზე. მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში. ასევე, დაეხმარება იმაში, რომ მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იქ, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს, ავტომობილის გაჩერება არის უფასო. ასევე უფასო ელექტრომობილებისთვის, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღლებისა და შშმ პირთათვის. 1 მაისიდან ამ არეალში ძალაში შევა ზონალურ- საათობრივი პარკირება და საფასური იქნება 1 საათი - 1 ლარი", განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.


