ზელენსკის განცხადების შემდეგ აშშ–მა NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა
07/04/2021 05:49:12 მსოფლიო
"ბაიდენის ადმინისტრაცია ემხრობა იმის უზრუნველყოფას, რომ NATO-ს კარი დარჩეს ღია ასპირანტი ქვეყნებისთვის", – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აშშ NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდამჭერია.
"ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელიც იყო გამოხატული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში და ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული სუვერენული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს, შეუერთდეს თუ არა რომელიმე ხელშეკრულებას ან ალიანსს და, რა თქმა უნდა, ეს მოიცავს NATO-საც. ჩვენ ვემხრობით იმის უზრუნველყოფას, რომ ასპირანტმა ქვეყნებმა, რომლებსაც NATO-ში გაწევრიანება სურთ, დააკმაყოფილონ ორგანიზაციის სტანდარტები წევრობისთვის. ამ მიზნით, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ უკრაინის მთავრობას, განახორციელოს ღრმა, ყოვლისმომცველი და დროული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია უფრო სტაბილური, დემოკრატიული, განვითარებული და თავისუფალი ქვეყნის ასაშენებლად“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის თავად პრეზიდენტი, უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ნატოელ კოლეგებს ესაუბრნენ და მათ აქვთ მჭიდრო კონტაქტი უკრაინელ კოლეგებთან.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დონბასში ომის დასრულების გზად NATO-ს წევრობა დაასახელა და აღნიშნა, რომ "კიევისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება, რუსეთის რეალური გზავნილი იქნებოდა".


