საქართველოში ვაქცინაცია მოქალაქეთა ნაწილისთვის შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
06/04/2021 15:48:42 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯერ–ჯერობით ნებისმიერი პირისთვის ნებაყოფლობითია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის საბჭომ ეს საკითხი კიდევ ერთხელ განიხილოს.
კითხვაზე, "გახდება თუ არა ვაქცინაცია ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებისთვის სავალდებულო?", გაბუნიამ შემდეგი განაცხადა:
"ჯერ–ჯერობით ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ვაქცინა ნებაყოფლბითი იქნება. იქნება ეს ჯანდაცვის სფეროს მუშაკი, თუ ნებისმიერი სხვა პირი, მას გაიკეთებს მისი გადაწყვეტილების საფუძველზე. ვაქცინაციის საბჭო სამომავლოდ ამას კიდევ განიხილავს. იმდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, რომ შესაძლოა, გარკვეულად მეტი სტიმული, დადებითი მოტივაცია, ან გარკვეულწილად, დამსაქმებლის მხრიდან გარკვეული მოთხოვნების დაყენება ვაქცინაციასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხიც განვიხილოთ, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი კეთდება კეთილი ნების და პირის გადაწყვეტილებიას საფუძველზე".
ცნობისთვის: საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში COVID 19-ის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 9 თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 284 958 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 220 პირი გამოჯანმრთელდა, 3 832 პაციენტი გარდაიცვალა.


