რუსულ სამხედრო შენაერთებში საბრძოლო მზადყოფნის შეფასება დაიწყო
06/04/2021 13:44:53 მსოფლიო
რუსულ სამხედრო შენაერთებში საბრძოლო მზადყოფნის შეფასება დაიწყო, – იუწყება Газета.Ru.
როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 6-დან 30 აპრილამდე პერიოდში შეფასდება: პერსონალის მომზადების დონე; შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობის მდგომარეობა; ფორმირებების და სამხედრო ნაწილების მზადყოფნა.
მისივე ცნობით, მედესანტეები მონაწილეობას მიიღებენ ფიზიკურ, სახანძრო, სპეციალურ ტაქტიკურ და სადესანტო სწავლებებში.
ცნობისთვის:კიევში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ძალები შეიყვანეს. უკრაინის ხელისუფლების თქმით, სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ და შედეგად დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.
კრემლი ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება".
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდელი ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ბაიდენმა იგი დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში".


