DIE WELT – გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეები სატაცურის მოსავალს აიღებენ
06/04/2021 12:49:45 საზოგადოება
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეები სატაცურის მოსავალს აიღებენ, – იუწყება DIE WELT.
მისივე ცნობით, სამხრეთ გერმანიაში სატაცურის მოსავლის აღება უკვე რამდენიმე დღეა, დაიწყო, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთში აღნიშნული პროცესი აპრილის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში დაიწყება.
როგორც გამოცემა წერს, სატაცურის მოსავლის აღებაში გერმანიაში ძირითადად პოლონელები და რუმინელები იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მათი ქვეყანაში ჩასვლა შეიზღუდა.
ადგილობრივი ფერმერები თავდაპირველად სეზონურად დასაქმებულთათვის სამუშაო დღეების კვოტის გაზრდას 115 დღემდე ითხოვდნენ, ნაცვლად 70 დღისა, რაც საბოლოოდ ნაწილობრივ გაიზიარა ფედერალურმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და კვოტად 102 დღე განისაზღვრა.
გერმანიაში სატაცური ერთ–ერთი პოპულარული ბოსტნეულია. წელს მოელიან, რომ კილოგრამი დაახლოებით 20-25 ევრო ეღირება.
ცნობისთვის: გერმანია 2021 წელს სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობას აათმაგებს. კერძოდ, ნაცვლად 500-ადამიანი კვოტისა, რომლებიც გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე შეძლებდნენ დასაქმებას, 2021 წელს 5000 კვოტა დაწესდა.


