უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბრალი 10 პირს წაუყენეს
06/04/2021 11:14:13 მსოფლიო
უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ირანის ხელისუფლებამ 10 ადამიანს ბრალი წაუყენა,– იუწყება როიტერი.
თეირანის აეროპორტის მახლობლად უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი 2020 წლის იანვარში საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებით ჩამოაგდეს, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა გასულ თვეს თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზად რადარის ხარვეზი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ოპერატორის შეცდომა დაასახელა.
„თანამდებობის ათ პირს უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს. საჭირო გადაწყვეტილებები სასამართლოში იქნება მიღებული“, – განაცხადა თეირანის სამხედრო პროკურორმა.
თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ირანის მთავრობამ ინციდენტს „კატასტროფული შეცდომა“ უწოდა, რომელიც იმ დროს იქნა დაშვებული, როდესაც ქვეყნის სამხედრო ძალები აშშ-სთან რეგიონული დაპირისპირების საბრძოლო მზადყოფნაში იყო.
ერაყში ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით, ავიაკატასტროფამდე ირანმა ერაყში არსებული ამერიკული ბაზა დაბომბა.


