პრეს–მდივანი განმარტავს, რატომ არ აიცრა პრემიერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით
06/04/2021 10:24:52 საზოგადოება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრეს–მდივანმა ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში განმარტა, რატომ არ გაიკეთა პრემიერმა ვაქცინა.
ნინო გიორგობიანი წერს, რომ პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომელზეც იყო განსაზღვრული პრიორიტეტული ვაქცინაცია.
"როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრს დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, იგი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.
ასევე, გატარდა ყველა ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, რაც განსაზღვრულია პროტოკოლით.
კითხვები დაისვა, რატომ არ აიცრა აქამდე პრემიერ-მინისტრი. მინდა, განვმარტო, რომ ამ შემთხვევაში, პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომელზეც იყო განსაზღვრული პრიორიტეტული ვაქცინაცია და შესაბამისად, ელოდებოდა თავისი ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.
პ.ს. მე გუშინ გეგმურად ჩამიტარდა PCR ტესტი, კორონავირუსი არ დამიდასტურდა. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის!,"- წერს პრემიერის პრეს მდივანი, თუმცა არ განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც ვაქცინის მიმართ ქვეყანაში უნდობლობაა, მათ შორის მედიკოსების მხრიდანაც და ამას ვაქცინაციის ნელი ტემპიც მოწმობს, რატომ არ ჩაერთო პრემიერი ვაქცინის პოპულარიზაციასა და მის მიმართ მოსახლეობაში ნდობის ამაღლებაში.
ანალოგიური პასუხი აქვს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას:
"მოგეხსენებათ, ჩვენი აცრების გეგმა მიჰყვება ძალიან მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას, ასაკობრივი ჯგუფების და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული. პრემიერ–მინიტრი ამ შემთხვევაში არ მიეკუთვნებოდა არც ერთ იმ ჯგუფს, რომლისთვისაც განსაზღვრული არის პრიორიტეტული ვაქცინაცია. მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ. იყო თავიდან განსაზღვრული მსგავსი ინიციატივები, მაგრამ შემდეგ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ასი ცნობადი სახის აცრამ, და არც ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი ვაქცინაცია. ამდენად, სამწუხაროდ, ქვეყანა მაინც ადრეულ ეტაპზეა ვაქცინაციის და მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან, მაგრამ როგორც ვხედავთ, რისკი ყველგან არის და ინფექცია შეიძლება ყველას შეეხოს".


