
გერმანიის ელჩი: "20 ივნისს პარლამენტთან ვიყავი, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია"
12/07/2019 13:46:56 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ:
"ყველასთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე.
რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო.
ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად".
ცნობისთვის: 11 ივლისს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლას ის პარლამენტის შენობიდან ადევნებდა თვალს და მასთან ერთად იყვნენ საელჩოების წარმომადგენლებიც. თუმცა დღეს ხანგრძლივი ძიების შემდეგ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ გერმანიის ელჩი იყო და არა ელჩები.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.