IRI – ტელევიზიების ნდობის რეიტინგში "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მეხუთე ადგილზეა
05/04/2021 14:53:53 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ტელევიზიების ნდობის რეიტინგში საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მეხუთე ადგილზეა.
კითხვაზე, “რომელი ქართული ტელეარხის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად?”. რესპონდენტს ორი ტელეარხის დასახელება შეეძლოთ.
ნდობის რეიტინგში ლიდერობს ტვ “იმედი”. ის პირველ არჩევნად გამოკითხულთა 35%-მა დაასახელა, ხოლო ორ ტელევიზიას შორის 45%მა.
“იმედის” შემდეგ ყველაზე მეტი გამოკითხული ენდობა “მთავარ არხს”. “მთავარი არხი” პირველ პასუხად დაასახელა 19%-მა, სხვა ტელევიზიასთან ერთად — 30%-მა.
რეიტინგში მესამე ადგილზეა “რუსთავი 2” 13%-ით (პირველი არჩევანი), მეოთხეზე — ტვ “პირველი” 8%-ით (პირველი არჩევანი0.
რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ნდობის რეიტინგში პირველ არჩევნად მხოლოდ 3%-მა დაასახელა, სხვა ტელევიზიასთან ერთად კი — 8%-მა.
მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი წინა წლისათვის განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14% უნდა იყოს. შესაბამისად, მაუწყებლის დაფინანსება 2020 წელს 63 მილიონს აღწევდა, 2021 წლისთვის კი თითქმის 70 მილიონს.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.


