IRI – 30%–ით გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან მთავრობის მოქმედებით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში
05/04/2021 13:40:55 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 30%–ით გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან მთავრობის მოქმედებით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კერძოდ, ახალი კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 59% კმაყოფილია მთავრობის მოქმედებით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. გამოკითხულთა 19%–ის თქმით, უკმაყოფილოა, ხოლო 22%–მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
შეგახსენებთ, რომ ივნისში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 79% მიიჩნევდა, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდებოდა.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.


